"ფურცელზე გადატანილი ცეკვა"
(ცეკვის ჩაწერის სისტემები საქართველოში)


ეკატერინე გელიაშვილი
20.02.2021
უდიდესმა სურვილმა, წამით მაინც შეჩერებულიყო დრო და მოქმედება, უძველესი დროიდანვე მიიყვანა ხალხი ცეკვის ჩაწერის მეთოდების შექმნის მოთხოვნილებამდე. მოძრაობების ჩასაწერად ადამიანები სხვადასხვა ნიშნების გამოყენებას ცდილობდნენ. ამ მიზნისათვის ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებს იშველიებდნენ, ინდოელები კი სკულპტურულ გამოსახულებებს კლასიკური ცეკვის ძირითადი მდგომარეობებით. ასევე იყენებდნენ ჟესტის ჩასაწერად პირობით ნიშნებს ძველი რომაელებიც.
დღემდე არსებული მასალებით, დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი ცეკვის ჩაწერის პირველი ნიმუში XV საუკუნეს მიეკუთვნება, რომელიც ხელნაწერის სახით არსებობს. ამავე პერიოდში უკვე დასტურდება მარგარიტა ავსტრიელის „ოქროს ბასდანსების“ ხელნაწერიც. შემდეგ უკვე ჩნდება ცეკვის ჩაწერის მცდელობის პირველი ნაბეჭდი ვერსია, რომელიც მ. ტულუზის სახელთან არის დაკავშირებული. XVI საუკუნეში ცეკვის ჩაწერის წინამორბედ ცდებზე დაყრდნობით თავისი სისტემა უფრო განავითარა ფრანგმა ტანცმაისტერმა ტუანო არბომ (ეს ანაგრამაა ნამდვილი სახელის ჟან ტაბუროსი). ფაბრიციო კაროზომ (1581) კი პირველმა სცადა ცეკვის სქემატური აღწერა გრაფიკულ ფორმაში. [1]
XVII საუკუნის ბოლოდან და XVIII საუკუნის დასაწყისიდან ფრანგმა ცეკვის მასწავლებლებმა და ბალეტმაისტერებმა პიერ ბოშანმა, რაულ ოჟე ფეიემ, პ.რამომ სათავე დაუდეს ცეკვის ჩაწერის შედარებით საფუძვლიან სისტემებს (აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ქორეოგრაფია“, სწორედ ცეკვის ჩაწერის გრაფიკულ სისტემას უწოდა პირველად რაულ ოჟე ფეიემ).
მოძრაობების ჩასაწერი სრულყოფილი სისტემის შექმნისაკენ სწრაფვამ, იოლი და მყარი მეთოდების ძიების სურვილმა, სპეცილისტთა ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა, რამაც მრავალი სისტემის ჩამოყალიბება განაპირობა. მათ შორის საინტერესოა ფრანგი ბალეტმაისტერის არტურ მიშელ სენ ლეონის (XIXს.) მოძრაობის ჩაწერის სისტემა [2], ფრიდრიხ ალბერტ ცორნის (1890) და ვლადიმერ სტეპანოვის (XIX ს.) სისტემები რუსეთში, ავსტრიელი ბალეტმაისტერის რუდოლფ ფონ ლაბანის (რომლის ნამდვილი გვარია _ დე ვარალიაში (De Varaljas 1938) [3] რუდოლფ ბენეშის (1955-56), რომლის სისტემას გავრცელების შემდეგ „ქორეოლოგია“ ეწოდა 4. ასევე _ კარლ ბლაზისის, ი. კულას, პ. კონტას, ი. შიფერის, ფ. დელსარფის, ს. ბაბიცასა და სხვათა სისტემები. 1940 წელს მოსკოვში გამოიცა სრბუი ლისიციანის ნაშრომი „მოძრაობის ჩაწერა“ (კინეტოგრაფია), სადაც ავტორი ადამიანის მოძრაობას შლის კინეტიკურ აკორდებად და ფრაზებად. [5]
ამ მრავალრიცხოვან სისტემათაგან ზოგიერთი მათგანი გრაფიკულ ნიშნებს ეყრდნობოდა, ზოგი კი პირობით სქემატურ ფიგურებს, ილუსტრაციულ აღწერასა და სიტყვიერ ჩაწერას. ცეკვის ჩასაწერად გრაფიკული ნიშნების გამოყენებასა და მისი გამოგონების მცდელობას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.
წინამდებარე ნაშრომში საქართველოში არსებული ცეკვის ჩაწერის სისტემების ურთიერთშედარების საფუძველზე მათი პრობლემატიკის ძიების მცდელობაა წარმოდგენილი, რაც ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებულთათვის მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
საქართველოში ცეკვისა და მისი მოძრაობების ჩაწერის მცდელობა პირველად XIX საუკუნის მიწურულს, ალექსი ალექსიძის (სონღულაშვილი 1874-1934) სახელს უკავშირდება. პირველ პროფესიონალ მოცეკვავეს პრეტენზია არ გასჩენია ჩაწერის სისტემის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ როგორც ცდა მისი უტილიზაციისა დადასტურებულია ნაშრომში „მთაწმინდელი მოცეკვავე“ [6]. ანალოგიური დანიშნულებით ცეკვის ჩაწერის მცდელობები ჰქონდა ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძესაც [7].
რაც შეეხება ცეკვის გრაფიკულად ჩაწერის სისტემას საქართველოში, ის ორია. ეს არის დავით ჯავრიშვილის „ქართული ცეკვის ჩასაწერი პირობითი ნიშნები“ [8] და ავთანდილ თათარაძის „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“ [9]. დავით ჯავრიშვილის სისტემა ნაშრომის სახით 1961 წელს გამოიცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1954 წელს ავტორს უკვე შემუშავებული ჰქონდა და მისი სწავლება-გამოყენების ექსპერიმენტსაც ატარებდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების მესამე და მეოთხე კურსებზე. როგორც თავად აღნიშნავდა, ექსპერიმენტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა.
რაც შეეხება ავთანდილ თათარაძის ნაშრომს „ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“, იგი 1966 წელს დაიბეჭდა თბილისში გამომცემლობა „განათლების“ მიერ.
ცეკვის ჩასაწერი ორივე სისტემა იყენებს ავტორთა მიერ გამოგონებულ პირობით ნიშნებს, რომლებიც სანოტო ხაზებზე გრაფიკულად იწერება. დავით ჯავრიშვილმა, ისევე როგორც ავთანდილ თათარაძემ ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნებისთვის შეიმუშავეს ე.წ. `გასაღები~, სხეულის აღმნიშვნელი სიმბოლოები, რომელიც ამ სისტემათა საფუძველია. დავით ჯავრიშვილის `გასაღებში~ მოცემულია ორი ვერტიკალური პარალელური ა_ა1, ბ_ბ1, რომელიც შუაზე კვეთს ორ ჰორიზონტალურ პარალელურ ხაზს გ_გ1, დ_დ1. გადაკვეთილ ხაზებს შორის მდებარეობს ოთხკუთხედი `ევთზ~. ავტორი პირობითად იღებს, რომ ჰორიზონტალური ხაზის გ_გ1-ს ზევით აღინიშნება თავი და მკლავები, ჰორიზონტალური ხაზის დ_დ1-ის ქვემოთ _ ქვედა კიდურები, ხოლო ოთხკუთხედით _ ზეტანი. გასაღების უფრო თვალნათლივ წარმოსადგენად, ავტორი შლის მას შემადგენელ ნაწილებად, რის შედეგადაც ვიღებთ ადამიანის სხეულის ნაწილების აღმნიშვნელ პირობით ნიშნებს.
სხეულის აღმნიშვნელი „გასაღები“ დაახლოვებით ამავე პრინციპით აქვს დამუშავებული ავთანდილ თათარაძესაც, ოღონდ მასთან გადამკვეთი ხაზები არ არსებობს და მის მაგივრად გამოყენებულია გეომეტრიული სიმბოლოები. ზეტანი თათარაძესთან აღნიშნულია წერტილიანი სამკუთხედით, რომელსაც მობმული აქვს თავისივე ღერძი. კიდურებიც სხვაგვარი სიმბოლოებით აღინიშნება, მაგრამ მთლიანად გასაღების აგების პრინციპი ორივესთან მსგავსია.
დავით ჯავრიშვილი, ისევე როგორც ავ. თათარაძე ზემოთ მოცემულ გასაღებზე დაყრდნობით იძლევიან მხრების, იდაყვების, წინამხრების, მაჯების, მტევნების, მუხლების, წვივებისა და სხეულის სხვა ნაწილების აღმნიშვნელ ნიშნებსაც.
პირველი განმასხვავებელი ნიშანი, რაც თვალნათლივ შეიმჩნევა ამ ორი სისტემის შედარებისას, არის ის, რომ დავით ჯავრიშვილის სისტემა ავთანდილ თათარაძისაგან განსხვავებით განკუთვნილია მხოლოდ ქართული ცეკვებისა და მისი მოძრაობების ჩასაწერად. ხოლო ავთანდილ თათარაძის სისტემით შესაძლებელია ჩაიწეროს არა მხოლოდ ქართული, არამედ ნებისმიერი კუთხისა და სახეობის ცეკვა.
ჯავრიშვილის სისტემაში, მოცემულია ასევე მიმართულებათა, მოძრაობათა და მდგომარეობათა აღმნიშვნელი პირობითი ნიშნები. მაგალითად: სვლები, ჩაკვრები, გასმები, ხტომები, ცერილეთები, ბუქნი, მუხლილეთები, ხელსართავები, მხარსართავები და სხვა. იგი საცეკვაო ფრაგმენტების ჩაწერას აწარმოებს ორი სხვადასხვა ხერხით: სტრიქონებად და ხუთ ხაზზე ჩაწერის მეთოდით. ხაზებზე ჩაწერის დროს მოძრაობას ვკითხულობთ ქვემოდან ზემოთ, ისევე როგორც ს.ლისიციანთან [5]. პირველ ხაზზე მოთავსებულია ქვედა კიდურების მოძრაობა, სადაც მითითებულია კონკრეტული სვლის ნიაშანი, მეორეზე თავსდება ზეტანი, მესამეზე ზედა კიდურები, მეოთხეზე თავის მდგომარეობა და მეხუთეზე მოთავსებულია მუსიკალური ნოტები, რომელიც მოძრაობასთან შესაბამისობაში დაყოფილია ტაქტებად. რაც შეეხება მთლიანი ცეკვის ჩაწერას, აქ ჯავრიშვილი ფურცლის გვერდს ყოფს 8 თანაბარ ნაწილად. მკითხველისგან მარცხენა მხარეს იგი ათავსებს ცეკვის ნახაზს, რომელსაც გვერდზევე გრაფიკული ნიშნებით უთითებს ამ მომენტისთვის გათვალისწინებულ მოძრაობას. ავტორი იქვე აღნიშნავს მუსიკალურ ტაქტებსაც.
დავით ჯავრიშვილს ამ სისტემით აღნიშნულ ნაშრომში ჩაწერილი აქვს სამი ცეკვა, რომლის აღდგენა სისტემის დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ შესაძლებელია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ავტორს ნიშნები შექმნილი აქვს მხოლოდ ქართული ცეკვებისთვის დამახასიათებელი მოძრაობებისთვის, რაც უკვე აღინიშნა, შეუძლებელი ხდება სხვა, არაქართული ცეკვების ჩაწერა. გარდა ამისა, ის ტერმინოლოგია, რომლითაც სარგებლობს ბატონი დავითი მოძველდა და ზოგჯერ საერთოდ გაუგებარი ხდება, თუ რა მოძრაობა იგულისხმება ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ. ნაშრომის მეთოდურ მითითებანში აღნიშნულია კიდეც, რომ ამ ნიშნების გამოყენებას შეძლებს მხოლოდ ის პირი, რომელმაც იცის ქართულ ხალხურ ილეთთა ტერმინოლოგია. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე დიდ პრობლემას უქმნის ცეკვის ჩაწერითა თუ მისი აღდგენით დაინტერესებულ სპეცილისტს.
ავთანდილ თათარაძეს, დავით ჯავრიშვილისაგან განსხვავებით, სისტემაში გამოყენებული აქვს სხეულის სივრცეში გადაადგილების აღმნიშვნელი ნიშანი, რომელსაც ახორციელებს სივრცისათვის დამახასიათებელ სამგანზომილებიან ღერძთა სისტემაზე. აქედან გამომდინარე იგი ადვილად საზღვრავს არა მხოლოდ გადაადგილების მიმართულებას, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოხრისა და გაშლის სიდიდესაც გრადუსის საშუალებით. ბატონი ავთანდილი კიდურების აღსანიშნავად იყენებს სანოტო სისტემისთვის დამახასიათებელ პირობით ნიშნებს სხვადასხვა დამატებითი სიმბოლოებით, რომელსაც ნიშანშივე მიუთითებს მოხრისა და გაშლის სხვადასხვა სიდიდის აღმნიშვნელ სიმბოლოს. კიდურების ამ ნიშნებს იგი შემდეგ აერთიანებს სანოტო სისტემის მსგავსად დამაკავშირებელი ხაზით. გარდა ზედა და ქვედა კიდურების ნიშნებისა, ავთანდილ თათარაძე გვთავაზობს თავის, ზეტანის, მოძრაობა-მდგომარეობათა და მიმართულებათა აღსანიშნავად განკუთვნილ პირობით ნიშნებს.
მის ჩაწერის სისტემას, განსხვავებით ჯავრიშვილისაგან, ესაჭიროება ორი ხუთ ხაზიანი სანოტო სისტემა, რომელთაგანაც ქვედა ხაზებზე ჩაიწერება ქვედა კიდურების, ზეტანისა და თავის, ხოლო ზედაზე _ მხოლოდ ზედა კიდურების მოძრაობა-მდგომარეობანი. პირობითი ნიშნები იწერება როგორც ხაზებზე, ასევე ხაზებს შორის. ხაზზე იწერება მხოლოდ ის ნიშნები, რომლის დროსაც ხდება სხეულზე ან იატაკზე შეხება, ხოლო ხაზებს შუა სივრცეში მდებარე სხეულის ნაწილი. ხაზები აქაც, ისევე როგორც ბატონ დავითთან ითვლება ქვემოდან ზემოთ და მასაც, ზედა დამატებით ხაზზე, ემატება მუსიკის სანოტო მასალა დაყოფილი ტაქტებად. სანოტო სისტემაზე სხეულის მოძრაობის ჩაწერა შემდეგი წესით ხდება: ჯერ იწერება მარჯვენა ფეხის, ხოლო შემდეგ მის გვერდით, მარცხენა ფეხის მოძრაობა-მდგომარეობა. განმარტება ქვედა კიდურის მუხლისა და კოჭის სახსარში მოძრაობა-მდგომარეობათა შესახებ, იწერება ძირითადი ნიშნის თავზე თანმიმდევრულად მარჯვენასთვის, მარჯვენის გასწვრივ, ხოლო მარცხენასთვის _ მარცხენას გასწვრივ. ზეტანის მდგომარეობა იწერება იმ ფეხის ნიშნების გასწვრივ, რომელ ფეხზეცაა სხეულის სიმძიმის ცენტრი. ქვედა კიდურების ძირითად ნიშნებს შორის ტერფების მდგომარეობა შეიძლება დაიწეროს მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთთანაა შეერთებული ქუსლებით, წვერებით, ცერებით ან სხვა, დაშორების შემთხვევაში კი იწერება ცალ-ცალკე. ასევე ასრულებს ავტორი ჩაწერას ზედა კიდურების აღმნიშვნელ ნიშნებს შორისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახით ჩაწერილი ცეკვის აღდგენა ნიშნების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია, ეს საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. სისტემაში ყურადღება ექცევა სხეულის ნაწილების თითოეულ, სულ მცირე ცვალებადობასაც კი. ეს რა თქმა უნდა პროფესიონალურად სწორეა, მაგრამ აუარებელი უცნობი ნიშნის დამახსოვრება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ყოველივე ეს იკავებს საკმაოდ დიდ დროსა და ადგილს. ჩვენს ვარაუდს კიდევ უფრო ასაბუთებს ის გარემოება, რომ თვით სისტემის ავტორსაც კი, მის სიცოცხლეში გამოცემულ არც ერთ ნაშრომში, გამოყენებული არა აქვს თავის მიერვე შექმნილი ცეკვის გრაფიკულად ჩაწერის მეთოდი და ის მხოლოდ სიტყვიერი აღწერით კმაყოფილდება.
როგორც ირკვევა, ცეკვის ჩასაწერი ერთიანი სრულყოფილი სისტემის გამოგონება, რომელიც დააკმაყოფილებს პროფესიონალურ მოთხოვნებს და იმავდროულად მარტივი და ყველასათვის გასაგები იქნება, ურთულესი პრობლემაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ დაიმკვიდრეს თავი გრაფიკულად ჩაწერის სისტემებმა. მათი არსებობის მიუხედავად, პრაქტიკულ გამოყენებაში კვლავ ცეკვის აღწერის სიტყვიერი მეთოდი (გრაფიკული ნახაზი შესრულებული კომენტირებული წესით) და თანამედროვე ტექნიკური საშუალებები რჩება.
-
1. ბალეტის ენციკლოპედია, იური გრიგოროვიჩის რედაქციით, მ., 1981.
-
Г. Н. Добровольская, http://www.krugosvet.ru/articles/65/1006568/print.htm
-
http://www.isra-trainings.com/articles/dance/laban_patterns.html
-
მულტიმედიური ენციკლოპედია, http://www.aggregateria.com/KH/xoreografija.htm
-
Лисициан С., Запись движения. (Кинетография), М. — Л., 1940.
-
გვარამაძე ლილი, მთაწმინდელი მოცეკვავე (ალ. ალექსიძე-სონღულაშვილი), თბ., 1962.
-
სვანიძე ბესიკ, ცეკვისა და ქცევის რაინდი (ბუხუტი დარახველიძე), თბ., 2007.
-
ჯავრიშვილი დავით, ქართული ცეკვის ჩასაწერი პირობითი ნიშნები, თბ., 1961.
-
თათარაძე ავთანდილ, ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები, თბ., 1966.