"ცეკვის სიყვარულით მეცნიერებამდე"
ინტერიუ ეკატერინე გელიაშვილთან
ავთანდილ ჩუბინიძე
16.02.2021
მოხარული ვარ, რომ მოკრძალებულად გავდივარ იმ გზასა და ეტაპებს, რომელიც ქალბატონმა ეკატერინე გელიაშვილმა განვლო. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ იგი ჩემი პედაგოგი იყო, რომლის დამსახურებაც დიდია ჩემს შემოქმედებით განვითარებაში. იცით, არსებობენ დიდი ხელოვანები და უბრალო ადამიანები, ხოლო ამ პიროვნებაში შეხამებულია იშვიათი თვისებები, _ დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი. ამიტომ, გადავწყვიტე წარმომედგინა საზოგადოებისათვის მისი განვლილი გზა.
_ საიდან და როდის გაჩნდა თქვენი ინტერესი ცეკვისადმი?
_ ბავშვობაში, ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ცეკვაზე. მამაჩემის ძმა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე იყო (თენგიზ სუხიშვილის თაობა). ბიძა არ ცხოვრობდა ჩვენთან, თუმცა ხშირი სტუმარი იყო ჩვენს ოჯახში მეგობრებთან ერთად და გამუდმებით მესმოდა საუბარი ქართული ცეკვის შესახებ. მათ კონცერტებზეც ხშირად დავდიოდი და სწორედ ბიძის დამსახურებაა ჩემი ცეკვასთან დაკავშირება.
11 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სტუდიაში ჩავირიცხე, ეს იყო პირველი ექსპერიმენტული სტუდია, რომლის დირექტორი ირაკლი ხმალაძე გახლდათ. სტუდიაში დავამთავრე ოთხწლედი და იმავე სტუდიის ანსამბლშიც ვცეკვავდი. აქ მუშაობდნენ პედაგოგები: გივი ოდიკაძე, გულიკო სიხარულიძე, ჯანო ჯანიაშვილი და სხვანი. იმ პერიოდისთვის სულ ორი სტუდია იყო, ერთი, ჩემ მიერ დასახელებული და მეორე _ „ი.სუხიშვილის სახელობის“, დიდუბეში.
_ რა იყო შემდეგი ეტაპი, რამაც გააღრმავა თქვენი ინტერესი ცეკვისადმი?
_ სტუდიის შემდეგ სხვა ანსამბლში მოვინდომე ცეკვა. სტუდიას ვამთავრებდი, ბოლო წელი იყო და ანსამბლი ე.წ. ,,ზბორებზე“ წავედით ცხვარიჭამიაში. მაშინ აქტუალური იყო დღიურების შევსება და დირექტორმა, ბატონმა ირაკლიმ, საქებარი სიტყვები ჩამიწერა, მაგრამ მოკრძალებით ხაზი გაუსვა ჩემს სიმაღლეს: ,,აი, ცოტას სიმაღლეში თუ მოიმატებ, აკადემიური ანსამბლი არ აგცდება...“, – აქ ვიგრძენი ჩემი „პრობლემა“. ეს „აი...“ გახდა გადამწყვეტი ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება გარკვეული პერიოდი რაღაც მხრივ დამაკომპლექსა კიდეც, მაგრამ შემდეგ სხვა მიმართულებით მაპოვნინა ჩემი თავი. იმ ასაკში ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი და სიმაღლე ნაკლებად მიშლიდა ხელს. ამიტომ, ჩემი დაჟინებით მაინც მივედი ანსამბლ ,,როკვაში“, რომელიც იმ დროს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თუმცა ბიძა წინააღმდეგი იყო, რადგან იცოდა რაოდენ რთული იყო მოცეკვავის პროფესია. ,,როკვის“ პერიოდში უკვე მოვიწამლე შემოქმედებითად. ხოლო, კიდევ უფრო დიდი ინტერესი წამოვიდა მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც იმდენი რამ გავიგე და ვისწავლე ქორეოგრაფიაზე, რაზე ადრე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ხოლო მანამდე იყო გატაცება...
იმ პერიოდში შეიქმნა არასახელმწიფო, კომერციული სასწავლებელი ხელოვნების აკადემია, სადაც ჩავაბარე. ერთი წლის შემდეგ ის გადაკეთდა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტად. ამიტომ, თავიდან მომიწია ისევ ჩაბარება და კონკურსის გავლა, სადაც უკვე რეზო ჭანიშვილისა და უჩა დვალიშვილის სახელოსნოში მოვხვდი.
_ რა განსხვავებას ხედავთ თქვენი ბავშვობა-ახალგაზრდობის პერიოდსა და დღევანდელ თაობას შორის, შემოქმედებითი თვალსაზრისით?
_ დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, მაგრამ თითქოს ჩვენი პერიოდის დადგმებში უფრო მეტი ჰარმონიულობა იყო მოცეკვავეებს შორის, ერთმანეთს ვეცეკვებოდით. ვფიქრობ, ეს იმ გარემოების ბრალია, რომელშიც ვიმყოფებით.
_ მოქცეულხართ თქვენი პედაგოგის აზრის გავლენის ქვეშ, ან თუ გქონიათ მისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება?
_ ლოგიკურია, იმ ადამიანის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, ვისი აზრიც შენთვის კომპეტენტურია, ვისიც გჯერა და ენდობი... ალბათ გარკვეულ გავლენას ახდენდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად დაემორჩილო. სტუდენტობის დროს უფრო ნაკლებად, მაგრამ ახლა უფრო შეიმჩნევა ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ხშირად ვკამათობთ კიდეც მე და ჩემი პედაგოგი, დღეს უკვე კოლეგები. მქონია რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებაც.
_გვესაუბრეთ თანამედროვე ტენდენციებზე ქორეოგრაფიაში და რა დოზით იყენებთ მას სტუდენტებთან მუშაობისას?
_ ზოგადად ხელოვნებაში გადმოგვაქვს ის, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ – მთელი ჩვენი სამყარო, როგორც ემოციური, ფსიქიკური, რეალური, ასევე _ ირეალური. რაც არ უნდა ვეწინააღმდეგოთ, გარემო მაინც ზეგავლენას ახდენს ჩვენზე: თუნდაც ცხოვრების რიტმი - უფრო აჩქარებული გახდა, ქალის როლი ცხოვრებაში ბევრად უფრო დაიტვირთა, ასევე ის მიმდინარეობები, რაც გაჩნდა თანამედროვეობაში. ტექნიკის ეპოქაში ვცხოვრობთ და შეუძლებელია ამან გავლენა არ მოახდინოს, მათ შორის ხელოვნებაზე. მე ყოველგვარ სიახლეს მივესალმები, ოღონდ რასაც ხელს მოკიდებ ადამიანი, ნებისმიერ საქმეს, ჯერ საფუძვლიანად უნდა შეისწავლო. სტუდენტებთან მიმართებაში შენ უფრო ობიექტურად შეაფასებ ჩემს დამოკიდებულებას. ჩემი მხრიდან უფრო სუბიექტური იქნება ეს ნათქვამი ალბათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ. თუკი სტუდენტი კარგად იცნობს იმ მასალას, რაზეც იგი მუშაობს, მის ფანტაზიას არ ვზღუდავ. პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობ ხელს.
_თქვენთვის, როგორც ქორეოგრაფ-ქორეოლოგისთვის, მუდმივი ძიების თემა რა არის?
_ჩემთვის მუდმივი ძიება მდგომარეობს იმ გასაღების პოვნაში, შემოქმედებითი თუ სამეცნიერო თვალსაზრისით, რასაც ჰქვია სამყაროს შემეცნება. ნებისმიერ თემაზე პრაქტიკული თუ თეორიული მუშაობისას, მისი სტრუქტურულად გაშლა მიხდება. ყოველთვის ვეძებ იმ გასაღებს, რაშიც საზოგადოებისა თუ ინდივიდის შეხედულება იკვეთება სამყაროსადმი. შესაბამისად, ამ გასაღებით თუ გახსენი საკითხი, უკვე მიხვდები რა მიმართულებით გაშალო თემა.
_რას იტყვით თქვენს შემოქმედებით ხელწერაზე და თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევთ?
_ყოველთვის ვცდილობ ვიყო თავისუფალი და არ შევიზღუდო. შემიძლია ერთი შეხედვით ჩემს თემასთან აბსოლიტურად კავშირის არმქონე დისციპლინას მივმართო. თუ ვფიქრობ, რომ ის საგანი და იმ დისციპლინის შედეგები ჩემს კვლევას წაადგება, შეიძლება შევისწავლო ასტრონომია და ნებისმიერი მიმართულება.
_დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნებაში არსებულ კრიზისზე. როგორ ფიქრობთ, ქორეოგრაფიაშიც კრიზისია?
_ქართულ ქორეოგრაფიაში ამ კრიზისის მიზეზი არაპროფესიონალიზმი, არაჯანსაღი კონკურენცია და კრიტიკის არარსებობაა. იმის თქმა არ მინდა, რომ საცეკვაო ნომრები აკლია ქართულ ქორეოგრაფიას, შემოქმედებითობის კრიზისია. ჩვენთან კონცერტის დასრულებისას ძირითადად საუბარი ხდება მხოლოდ მსახიობ-მოცეკვავის შესრულების ოსტატობაზე, მის ტექნიკურ მხარეებზე და არა შემოქმედზე. თითქოს ქორეოგრაფი გაქრა. მაყურებელი ვეღარ ხედავს შემოქმედის ემოციას, მის მსოფლმხედველობას. ხოლო, როცა ამას ვერ იღებს, შემდეგ უკვე შემსრულებელი გამოდის წინა პლანზე და ქორეოგრაფი იკარგება. წარმატებულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანო გენიალური შემოქმედი ბორის ეიფმანი, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიაში ერთ-ერთ წამყვან შემოქმედად ითვლება. მიუხედავად მისი დასის მაღალტექნიკური შესაძლებლობისა, ეიფმანის დადგმებიდან ადამიანი ვერ გამოდის ემოციის გარეშე, რომელიც არ აღნიშნავდეს ეიფმანის შემოქმედების დამსახურებაზე. მისი დადგმების ანალიზისას, ნაკლებად ხდება საუბარი შემსრულებელზე, თუმცა შემსრულებელს თავისი როლი და დამსახურება გააჩნია. ხელოვანმა მხატვრული სინამდვილე უნდა შექმნას სცენაზე და იმავდროულად, თავისი მსოფლხედვა გაუზიაროს მაყურებელს.
_ როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრია ქორეოგრაფიას საზოგადოების ცხოვრებაში?
_ ხელოვნება ხალხმა შექმნა, რადგან ამის მოთხოვნილება ჰქონდა. ადამიანი შემოქმედია და მისი ნაყოფი, ისევე როგორც შემოქმედების პროცესი, მისი სულიერი საზრდოა. იმის გარდა, რომ ცეკვა ხალხის ისტორიაა და კულტურას სათუთად მოფრთხილება ესაჭიროება ერის იდენტობის შესანარჩუნებლად, ცეკვას _ უძველესი ადამიანი ირეალურ სამყაროში გადაჰყავდა, საზღვრებს უფართოვებდა და ყოფიერების რუტინას სწყვეტდა. ვფიქრობ, დღესაც ასეთი მიდგომა უნდა იყოს, რადგან ქორეოგრაფია რეალურად აჯანსაღებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას.
_რომელ ცეკვას გაგზავნიდით კოსმოსში?
_„ხორუმს“!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ ეკას უდიდესი წვლილი მიუძღვის ცეკვა ,,ხორუმის“ ქართული არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებაში. მისი სურვილია, რომ ეს ცეკვა და არა მხოლოდ ეს, მთლიანად ქართული ცეკვა, გახდეს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
2017 წლის ინტერვიუ