top of page

ინკლუზიური განათლების არსი და
საინტეგრაციო ცეკვის სწავლების ურთიერთმიმართების საკითხი

ანა ღვინიაშვილი

11.02.2021

ძველ დროში, საუკუნეების განმავლობაში, განსხვავებული ადამიანები საზოგადოების მხრიდან უარყოფილნი იყვნენ. მათ ჩაგრავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. გარდამავალ პერიოდში ცოდნისა და განათლების გაღრმავების, სასიცოცხლო მცნების „არა კაც კლა“ დამკვიდრების, სოციალური  და  მორალური  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების შედეგად, ჩნდება და ძლიერდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადარჩენის ტენდენცია. თანამედროვე ეპოქაში მშობლებმა, მასწავლებლებმა, პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა დაიწყეს ბრძოლა ყველა ბავშვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად. მთავარ მიზანს წარმოადგენდა საერთო სოციალურ გარემოში განვითარების უფლების მოპოვება ყველასათვის. ეს არის „ნორმალიზაციისკენ“ მიმართული რეფორმები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო სფეროში ინკლუზიის პროცესს.

 შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  პირთა  უფლებების კონვენციის ხელმომწერი  ქვეყნები (მათ შორის საქართველოც) აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული გარემოს, ჯანდაცვისა და განათლების, ასევე  ინფორმაციისა  და  კომუნიკაციის  ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რაც მათ საშუალებას აძლევს სრულყოფილად ისარგებლონ  ადამიანის  ყველა  უფლებითა  და  ფუნდამენტური თავისუფლებით.[1. 2013:14]   საქართველოს  კონსტიტუციის  შესაბამისად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო   საგანმანათლებლო სივრცეში“.[იქვე] ეს, უპირველესყოვლისა, გულისხმობს ევროპის საგანმანათლებლო სივრცის   საინტეგრაციო პროცესში (რომელსაც საქართველო მიუერთდა 2005 წელს) ჩართულობას, რომელსაც სათავე 1999 წელს ბოლონიის დეკლარაციის მიღებამ დაუდო. „საგანმანათლებლო სივრცის საინტეგრაციო პროცესი მოიაზრებს   ინკლუზიურ განათლებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს განსხვავებული  ნიშნის მქონე ადამიანების რაიმე ფორმით მონაწილეობას სასწავლო პროცესში სხვებთან ერთად. ინკლუზიის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს  ინტეგრაცია“ [2. 2013:3].

სიტყვა  „ინკლუზია“ ინგლისური  სიტყვაა  და  ქართულად „ჩართვას“ ნიშნავს. ეს ცნება ისტორიულად მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების უფლების დაცვის კონტექსტში. დღეისათვის ინკლუზიამ ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა, და იგი იმ მიდგომასა და საზოგადოებრივ დამოკიდებულებას ასახავს, რომელიც ისეთ ჰუმანისტურ ფასეულობებს ეფუძნება, როგორიცაა მიმღებლობა, თანასწორუფლებიანობა  და  სამართლიანობა,  და  თანაც,  ამის განხორცილების კონკრეტულ მექანიზმებს გვთავაზობს.“ [3] ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არის მოსწავლე, რომელსაც თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, სწავლის დროს აქვს სიძნელეები და საჭიროებს დამატებით/სპეციალურ საგანმანათლებლო  მომსახურეობას,  როგორიცაა  მაგალითად, მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, გარემოს ადაპტირება, მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შედგენა და სხვა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელიც ხასიათდება: ფიზიკური ან გონებრივი განვითარების დარღვევით, მხედველობის, სმენის დარღვევით, მეტყველების, ქცევის და ემოციური სფეროს პრობლემებით.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

1991 წელს გაეროს მიერ ადამიანის უფლებაბისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყნების უმეტესობაში ათიდან სულ მცირე ერთ ადამიანს აქვს რაიმე ფორმის ფიზიკური,კოგნიტურია ან სენსორული დარღვევა.

„ინკლუზიური განათლების არსი არის არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მოქონე ბავშის ზოგადსაგანმანათლებლო რამდენიმე საათით განთავსება, არამედ კლასის სივრცისა და სასწავლო პროცესის ისეთი თვისებრივი ცვლილება, რომ ბავშვი მთლიანად ჩაერთოს კლასის ცხოვრებაში.“[გაგოშიძე, 2008:38]

„ინკლუზიური განათლების პრინციპებია:

•  ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლის შესაძლებლობა;

•  ბავშები ყველაზე უკეთესად სწავლობენ მაშინ, როდესაც ერთად სწავლობენ;

•  საჯარო სკოლები აღიარებენ და რეაგირებენ სპეციალური საგანმანათლებლო    საჭიროებების    მქონე    მოსწავლეების მოთხოვნებზე;

•  პროგრესი  დამოკიდებულია  ბავშვის  ინდივიდუალური ძლიერი მხარეების გამოყენებაზე და არა აღქმული დეფიციტების ხაზგასმაზე;

•  ბავშვებს  აქვთ  შესაძლებლობა, ჩაერთონ  საზოგადოების, სკოლისა და ქცევის ჩვეულ ცხოვრებაში;

•  მინიმუმამდე  უნდა  დავიყვანოთ  გარემოში  არსებული ფიზიკური და სოციალური ბარიერები.“[2017:5]

ინკლუზიური განათლება პირდაპირი გზაა როგორც შშმ პირის თვითრეალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციისაკენ, ისე თვით საზოგადოების ჰარმონიზაციისაკენ. იქ, სადაც ინკლუზიური სწავლება მეტნაკლებად დანერგილია, სკოლა ბავშვებს, რომელთაც პრობლემები აქვთ, აძლევს მათი უნარების შესაბამის აკადემიურ ცოდნას  და  ამავე  დროს  უმაღლებს  სოციალურ  უნარებს, ტოლერანტობის ხარისხს. ადამიანები იწყებენ ხედვას არა იმისა,

რაც ადამიანს არა აქვს, არამედ იმისა, რაც მას აქვს. ანუ სხვა, უფრო მაღალი ფასეულობები ჩნდება. ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან განსხვავებულ ადამიანებთან ცხოვრებას, სამყაროს აღიქვამენ ისეთს, როგორიც ის არის, და არა ცალმხრივ პრიზმაში.

ბოლო ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების სფერომ განიცადა მრავალი ცვლილება, რომელიც ეხება განსაკუთრენული საჭიროების მქონე ბავშვის    მიმართ დამოკიდებულებას, მათი პრობლემების გაცნობიერების დონეს, განათლების ხელმისაწვდომობას, სწავლების მეთოდოლოგიას, შესაბამისი ცნებების შემუშავებასა და გამოყენებას. ეს ცვლილებები უკავშირდება არა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე   ბავშვების განათლებას, არამედ ისეთ სოციალურ კონტექსტებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ არმქონე ბავშვების ოჯახები, მასწავლებლები, სასკოლო დაწესებულებები და მთლიანად საზოგადოება.

ამ ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მრავალფეროვნების აღიარება და დაფასებაა. ამას, ბუნებრივია, უნდა მოყვეს საზოგადოებაში ყველა იმ ადამიანის ინტეგრაცია-რეინტეგრაცია, რომელიც გარიყული ან განცალკევებულია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებულია. მათ შორის, ბავშვებისა, რომელთაც სწავლისა და განვითარების მხრივ სიძნელეები აქვთ. ეს სიძნელეები მხოლოდ მათი განსაკუთრებული საჭიროებებით როდია  გამოწვეული.  ამ  სიძნელეების  არსებობაში  არანაკლებ როლს თამაშობს ამ ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებების დამაკმაყოფილებელი   პირობების არარსებობა.[3]

ინკლუზიური განათლება გაცილებით უფრო ფართო ცნებაა და იგი განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების განათლებისა და სწავლების სხვადასხვა სახეებს მოიცავს. ესენია: სრული ინკლუზია, ნაწილობრივი ინკლუზია და ინტეგრირებული სწავლება.

სრული ჩართვა   _ ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო  საჭიროებების  მქონე  მოსწავლე  სრულად არის ჩართული სასწავლო პროცესში, იგი ესწრება უკლებლივ ყველა გაკვეთილს და ყველა ამ გაკვეთილისთვის აქვს თავისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ნაწილობრივი ჩართვა _ ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არჩევითად ესწრება გაკვეთილებს. ანუ, მოსწავლის შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მისთვის იქმნება ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი და იგი ესწრება მხოლოდ იმ გაკვეთილებს, რომელსაც მისი განრიგი ითვალისწინებს. ნაწილობრივი ინკლუზია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ძალიან მოქნილი ფორმაა. მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, იგი ემსახურება: ა)მოსწავლის ეტაპობრივ ჩართვას სასწავლო პროცესში; ბ)მოსწავლის შეგუებასა და თანდათანობით ადაპტირებას სასწავლო გარემოსთან; გ)მოსწავლისათვის საკმარისი დროისა და სივრცის უზრუნველყოფას თანატოლების გასაცნობად და არაფორმალურ გარემოში ურთიერთობისათვის.

ნაწილობრივი ინკლუზიის შემთხვევაში მოსწავლისთვის შემუშავებულ უნდა იქნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც დეტალურად აღწერს მოსწავლის საგანმანათლებლო მიზნებს და განსაზღვრავს შესაბამის აქტივობებს, როგორც გაკვეთილზე დასწრებისას, ასევე იმ დროს, როდესაც მოსწავლე გაკვეთილს არ ესწრება.

ინტეგრირებული სწავლება - ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი ერთ კლასში და სწავლობენ მათთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამით. ინტეგრირებული კლასის სასწავლო პროგრამა დგება მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებებისა და სკოლის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები ჩართულები არიან ყველა სასკოლო აქტივობაში (ექსკურსია, ზეიმი, გამოფენები და სხვა). ინტეგრირებული სწავლება ხშირად ხდება საფუძველი წარმატებული სრული ინკლუზიისა და ამდენად, საკმაოდ ღირებული ფორმაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლებისთვის.[6.2009]

სალამანკის კონფერენციაზე შემუშავებული პრინციპების საფუძველზე „ინკლუზიურმა სკოლებმა უნდა შეძლონ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების იდენტიფიკაცია, გამოიყენონ სწავლების განსხვავებული სტილი და ტემპი, უზრუნველყონ ყველასათვის ხარიასხიანი განათლება, ადექვატური სასწავლო პროგრამების, ორგანიზაციული ღონისძიებების, სასწავლო სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენებით. ყოველ სკოლაში უნდა იყოს მომსახურების სპექტრი,  რომელიც  შეესატყვისება  სწავლაში  განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და პრობლემებს“. [7]

დღესდღეობით,  მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაში  და  მათ შორის საქართველოშიც, სადაც პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლება,  თავისთავად  მოიაზრება  სასწავლო  პროგრამების ადაპტირება  და  განათლების  მიღების  ხელმისაწვდომლობის ხარისხის  გაზრდა.  განათლების  პოლიტიკის  მიზნებში  შედის პიროვნების მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარება, რაც საშულებას  იძლევა  სოციალური  ადაპტაციისათვის.  ბავშვის მხოლოდ გონებრივი და ინტელექტუალური   განვითარება არ უზრუნველყოფს  მრავალმხრივი  პიროვნების  ჩამოყალიბებას.  ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია ზნეობრივი, ფიზიკური   და ემოციური სფეროს განვითარება. საუკუნეების მანძილზე აღზრდის ერთ-ერთი უნივერსალურ საშუალებას   ხელოვნება მათ შორის საცეკვაო ხელოვნება წარმოადგენდა. შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცის  საინტეგრციო  პროცესში,  საჭიროა,  მოაზრებოდეს ინკლუზიური საცეკვაო ხელოვნების სწავლებაც.   ინკლუზიური ცეკვის სწავლება საგანმანათლებლო სივრცეში პირდაპირ პასუხობს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ბავშვებში, მოზარდებში საცეკვაო ნიჭის, უნარების გამოვლენას, განვითარებას და ინტეგრაციას. ინკლუზიური ცეკვა მნიშვნელოვნად ამცირებს სოციუმში დამკვიდრებულ სტიგმებსა და ბარიერს. ეს უკანასკნელი კი აყალიბებს ტოლერანტურ და დემოკრატიულ საზოგადოებას.

ინკლუზიურ ცეკვას გააჩნია ორი მოდელი: სამედიცინო მოდელი,როგორც თერაპია (სომატური ფსიქოლოგია) და სოციალური მოდელი ანუ ფიზიკურად ინტეგრირებული ცეკვა. სამედიცინო მოდელის შემთხვევაში  მოძრაობები გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად.  ბოლო  წლებში  ეს  პრაქტიკა  ინერგება სკოლებში და სპეციალურ საწავლო დაწესებულებებში, როგორც გაკვეთილების ნაწილი. ამ შემთხვევაში ეს არის ფსიქოტერაპია მოძრაობის მეშვეობით, რომლის მიზანია სხეულისა და გონების შერწყმა.

„ფიზიკურად  ინტეგრირებული  ცეკვა“  (იგივე  ინკლუზიური ცეკვა) არის შშმ პირთა კულტურის მიმართულების ნაწილი, რომელიც მხატვრული, ლიტერატურული და სხვა შემოქმედებითი საშუალებებით შეზღუდულობას აღიარებს და მიიჩნევს  როგორც სოციალურ ფენომენს და არა სამედიცინო მოდელის ნაწილს.

ინკლუზიური ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი სელესტ დანდეკერი ამბობს: „ცეკვა ამსხვრევს ყველა ჩვენ თავდაცვით ბარიერს, რადგან შენ აძლევ სხვა ადამიანებს საშუალებას უყურონ და შეეხონ შენ სხეულს. ეს ბარიერების სისტემატური გადალახვაა. ასე რომ ცეკვა ძალიან კარგი და ბუნებრივი გზაა ახალი იდეების დაბადებისა და განვითარებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

ცეკვა ასრულებს ასევე მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას: ეს არის მხატვრული (არტისტული) საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გამოხატვის ძალას; აკმაყოფილებს მოძრაობის სურვილს, ურთიერთობას საკუთარ თავთან და სხვებთან; ავითარებს შემოქმედებით საქმიანობას და ანგრევს სტიგმებს.

თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში ცეკვის პრაქტიკა არ უნდა იყოს გამიჯნული ან შეზღუდული კონკრეტული ჯგუფისთვის, მან არავინ არ უნდა გამორიცხოს. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროებანი და ინტერესები; ცეკვის მიზანი უნდა იყოს ადამიანის განვითარება, საზღვრების გაფართოვება, კლასში ინტეგრაცია. საგანმანათლებლო პროცესში ცეკვამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანის მრავალფეროვნება და შექმნას სათანადო სივრცე და ხარისხიანი პრაქტიკის შესაძლებლობა. ამასთანავე უნდა შევთავაზოთ სწავლის ახალი, ექსპერიმენტალური  მეთოდები, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს. განათლების ღირებულებების ფუძე ზუსტად ინოვაციურ მიდგომებშია და არ უნდა გაჩერდეს ტრადიციულ მეთოდებსა და სტრუქტურაში.

საქართველოში   ინკლუზიური   განათლების   დანერგვასთან ერთად დადგა შეზღუდული შესაძლებობლობების მქონე პირთა საცეკვაო ხელოვნების სფეროში ჩართვის აუცილებლობის საკითხი. თითქმის ყველა კერძო სკოლაში ცეკვა ისწავლება დაწყებით საფეხურზე I-დან IVკლასის ჩათვლით. რაც თავისთავად ნიშნავს, საგაკვეთილო პროცესში ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას/ინკლუზიას. ასევე ცეკვა ისწავლება საჯარო და კერძო ბაღებში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კი „ცეკვა“ 2011 წელს IV კლასში დაინერგა როგორც არჩევითი საგანი, რაც 2018 წლის სექტემბრიდან ეროვნული სასწავლო გეგმიდან კვლავ ამოიღეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცის საინტეგრაციო პროცესში ცეკვის სწავლება  საჭიროებს განახლებულ მიდგომებს და ამ მიმართულებით სპეც.პედაგოგების მომზადება/გადამზადებას. სავსებით შესაძლებელია ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილის მოდელის შემუშავებისა და ადაპტირებული სასწავლო პროგრამის შექმნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ცეკვა, როგორც ესთეთიკური აღზრდის საინტეგრაციო საშუალება სავალდებულო საგნად დაინერგოს. არსებული პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში საცეკვაო ხელოვნების სფეროში მოხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტოლერანტური/დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას და მოახდენს შშმ პირის დისკრიმინაციის პრევენციას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  პირთა  უფლებების  კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყანაში, 2013, გვ. 14;

  2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში, თბ., 2013;

  3. გზა ინკლუზიისაკენ, 2009  http://www.nplg.gov.ge

  4. გაგოშიძე თ., ჭინჭარული თ., ფილაური ქ., ბაგრატიონი მ., ინკლუზიური განათლების პრინციპები, გამომცემლობა ნეკერი, 2008;

  5. ინკლუზიური განათლება, სატრენინგო სახელმძღვანელო, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის თბ., 2017;

  6. ინკლუზიური   განათლება,   გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, თბ., 2009; http://ncp.ge/files/inclusion%20education/wignebi/I%20N%20K%20L%20U%20Z%20I%20A.pdf

  7. The Salamanca Statement, Unesco, 1994.

  8. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ,საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყანაში, 2013;

  9. kuppers,  Petra Disability culture  and community  Performance: Find a Strange and Twisted Shape. houndmills  and new  york:  Palgrave. 2011

bottom of page