ბორის ეიფმანის ქორეო-დრამატურგია
ლუბა ნაჭყებია
10.02.2021
თუკი ოდესმე გაგიგონიათ ცეკვის საუბარი, მოისმენდით სხვადასხვა ამბავს _ სხეულით მოყოლილს; სხვადასხვა გმირების ცხოვრებას მიადევნებდით თვალყურს და სხვადასხვა ქმედებებსაც შეამჩნევდით _ სცენაზე მომხდარს. ქორეოგრაფიული დრამატურგია არის ის, რასაც გვიყვება ცეკვა. მხატვრობით მოყოლილ ცეკვას - აღვიქვამთ, მუსიკით მოყოლილ ცეკვას _ ვისმენთ და ცეკვით მოყოლილ ლიტერატურას კი _ შევიგრძნობთ.
ცეკვა არის ქმედება: წინსვლა, უკუსვლა, აღმასვლა, დაღმასვლა, აღმაფრენა, დანარცხება, კოლიზია, პერიპეტია. ცეკვა არის ქმედება და, მაშასადამე, დრამა. დრამისაგან წარმოიშვა დრამატურგია, ყველაფრის: ცხოვრების, ბუნების, ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, ქორეოგრაფიის. ვისთვის სამ საფეხურიანი: დასაწყისი, განვითარება, დასასრული; ვისთვის ოდნავ ვრცლად: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა... საფეხურები მისივე შემქმნელის ცხოვრებისეული გამოცდილებაა . ყოველ ცხოვრებისეულ მოვლენას, ყოველ საფეხურს თავისი დრმატურგია აქვს.
ალბათ, ქმედება დაასწრებდა სიტყვას. ქმედება თავად მოყვებოდა უსიტყვოდ ამბავს. ალბათ, პირველი ქმედება იქნებოდა ცეკვა. მაგრამ, ეს თავდაპირველად, სიტყვამდე. ახლა კი სიტყვით დაწერილ ამბავს ყვება ცეკვა.
სიტყვამ კი, თავის მხრივ, შექმნა ლიტერატურა. ლიტერატურა ისეთი, თითქოს არ დაიდგმებაო ქორეოგრაფიულად. მაგრამ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია - XX-XXI საუკუნის ქორეოგრაფი, ბორის ეიფმანი.
„ჩემს შემოქმედებაში მე ვცდილობ გამოვიწვიო ყველაზე ძლიერი ემოციები. ჩემი ხელოვნება იმდენად ღრმად ჩადის ადამიანში, რომ სამუდამოდ რჩება მასში. ადამიანები ჩვენს სპექტაკლზე მოდიან, როგორც ფსიქო-თერაპევტის სეანსზე. ჩვენ ვცდილობთ დავანგრიოთ მეოთხე კედელი, რომელსაც ბალეტი ასე დაჟინებით აღმართავდა. სცენისა და დარბაზის მსგავსი ურთიერთქმედება არასოდეს ყოფილა ცეკვის სამყაროში“. (1)
შეიძლება ვიღაცას მოსწონს, ან არ მოსწონს, მაგრამ, უდავოდ, ჩვენს წინაშეა არა მხოლოდ ქორეოგრაფი, არამედ, როგორც აღიარეს, ქორეოგრაფ-ფილოსოფოსი, ფსიქოლოგ-თერაპევტი. მართლაც, როგორ შეიძლება დარჩე გულგრილი მისი შედევრების მიმართ?! ეს არ არის მითოლოგიურ სიუჟეტებზე ან ზღაპრულ ლეგენდებზე აგებული ბალეტები, როგორსაც ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არ არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორთოდოქსული საბალეტო სპექტაკლები, რომლებიც არასოდეს იცვლება და რომლებშიც ათწლეულები არ ჩანან დამდგმელთა ახალი სახეები. ეს არის ახალი ბალეტი! კლასიკურ ლიტერატურაზე აგებული, რომლის არათუ ქორეოგრაფიული ხორცშესხმა, არამედ წაკითხვაც რთულია. „მე მინდა, რომ როცა ადამინი ნახავს ჩემს ბალეტს, წავიდეს და წაიკითხოს წიგნი!“
ქორეოგრაფიის სინკრეტიზმი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სამყაროთა გადაკვეთის გზები. ეს ორი დიდი სამყაროა - ლიტერატურა და მუსიკა. ზოგჯერ ასეც ხდება: „მე მოვისმინე მუსიკა, რომელმაც პროვოცირება მოახდინა შემექმნა ქორეოგრაფია. მე სულში არაფერი გამაჩნდა ოპოზიციური, მხოლოდ სიყვარული ამ მუსიკისადმი და სურვილი ამ მუსიკაზე დამედგა ბალეტი.“ ანუ, ჯერ მუსიკის სამყარო იშლება და ამით გამოწვეული ემოცია ქმნის ცეკვას. შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს: ტრიალებს თემა! ტრიალებს, ტრიალებს, მეოთხე განზომილებაში უკვე დაბადებულია მოძრაობა, მაგრამ, აკლია ის ემოცია რისი გამოწვევაც ძალუძს მუსიკის ყოვლისშემძლეობას. იცი რასაც ეძებ, დიდხანს ეძებ და ადრე თუ გვიან აუცილებლად პოულობ.
ბორის ეიფმანის საბალეტო დასი შეიქმნა 1977 წელს. მაშინ, როდესაც დასავლური მუსიკა ანტი-ხელოვნებასთან იყო გაიგივებული და მკაცრად იდევნებოდა. ის კი, რისკის, შეიძლება შემოქმედებითი სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, ამგვარ მუსიკას აცოცხლებდა თავის სპექტაკლებში. იმიტომ რომ, მისი ქორეო-ენა მოითხოვდა შეუზღუდაობას. და ისიც დგამდა ისეთ ბალეტს, რომელიც დღეს ახალ ბალეტადაა აღიარებული. დიახ! წინა საუკუნის 1977 წლის დროინდელი ეიფმანისეული ბალეტი დღეს ახალი ბალეტია! იმიტომ, რომ იმთავითვე, იმ დროსვე არ ჰგავდა სხვას, აკეთებდა ნახტომებს წინ. გადაასწრო საუკუნით და, დღეის ამას იქით კიდევ საუკუნეს თუ მეტს არა, გაივლის „ახალი ბალეტის“ სახელით.
თემა, მუსიკა და მოძრაობა. სამივე ერთს ემორჩილება _ ეიფმანისეულ დრამატურგიას. მართალია, დასში, როგორც თავად ყვება, თავიდან არ ჰყავდა თანამოაზრეები, მაგრამ დღეს, ეს უდავოა. შემსრულებელთა სხეულის იდეალური ხაზები, მათ მიერ შესისხლხორცებული როლები, შესრულების უმაღლესი ტექნიკა. ამ ბალეტს ვერ იცეკვებს ბალეტის მოცეკვავე. ამას იცეკვებს მხოლოდ ეიფმანის ბალეტის მოცეკვავე.
კოსტიუმებისა და დეკორაციის გენიალური მინიმალიზმი. ეს ის დეკორაციები არაა, რომლებშიც იკარგება გმირი, რომელთა ყოფნა-არყოფნა საკითხავიც აღარაა. ყველაფერი ეს მაშინ. ახლა კი სივრცე. სივრცე, რომელიც ივსება გმირებით. სივრცე, რომლშიც დეკორაციას თავისი სიტყვა ეთქმის. მიზანსცენაში, სადაც შუქი ეცემა ზემოდან ქვემოთ, დარბის პატარა ბიჭი დედის გარშემო და თამაშობს ელმავალით... სამეული: დედა, შვილი, ელმავალი...ბალეტი „ანნა კარენინა“. რა არის ამაზე მეტად მეტყველი? ქორეოგრაფიული დრამატურგია? არ შეიძლება ქორეოგრაფიულ დრამატურგიაზე ისაუბრო და არ დაიწყო ეიფმანის შემოქმედებით და მისითვე დაამთავრო. ნახაზი, მოძრაობა, მიზანსცენა... ნახაზი, მოძრაობა, მიზანსცენა... ისევ და ისევ... დრამატურგია აქ უნდა მოვიკითხოთ. ნახაზის დრამატურგია? ანნას მატარებლის ქვეშ შევარდნა მხოლოდ ნახაზის დრამატურგია კი არა, ცხოვრების დრამატურგიაა. აი ის, საიდანაც დავიწყეთ...
--------------
https://www.culture.ru/materials/126574/baletnaya-vselennaya-borisa-eifmana