top of page

ქორეო-პლატფორმის შექმნის იდეა

საქართველოს ქორეოგრაფიულ საშემსრულებლო სექტორში საკმაოდ მაღალია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა, რასაც მოწმობს მრავალრიცხოვანი საცეკვაო დასების, სტუდიებისა თუ წრეების არსებობა.  ქორეოგრაფიის შემოქმედთა თვითდასაქმების რიცხვი ერთი შეხედვით თითქოს ყოველწლიურად იზრდება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუმცა, ხელოვანთა საჭიროებებისა და კომპეტენციების კვლევა აღნიშნულ სფეროში არასდროს განხორციელებულა. სახელოვნებო-საშემსრულებლო ქორეოგრაფიული განათლება (თავისი შემოქმედებითი სფეროებით - ცეკვის შემქმნელი, დამდგმელი, პედაგოგი, რეპეტიტორი), სპეციფიკიდან გამომდინარე, უდაოდ, განსაკუთრებულ მიდგომასა და ყურადღებას საჭიროებს.

 

მიღწევათა პარალელურად, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, საკმაოდ დაგროვდა ჩვენს სფეროში პრობლემებიც.

ბოლო პერიოდში, მარტივად შესამჩნევია ქორეო-სექტორში საავტორო უფლებების უგულებელყოფა _ სადადგმო შემოქმედებითი ხერხების, მიგნებების, იდეების, ქორეოგრაფიული ნახაზებისა თუ საცეკვაო კომბინაციების კოპირება (პლაგიატი), საცეკვაო მუსიკალური ვარიაციების უნებართვოდ გამოყენება და სხვა.  ჩვენი ვარაუდით, ეს  მხოლოდ ხელოვანთა არაკეთილსინდისიერებით არ არის განპირობებული.  ვფიქრობთ, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელოვანთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დარგობრივი ცოდნის დეფიციტთან. ნათელია, რომ მხოლოდ საშემსრულებლო ქორეოგრაფიული ლექსიკის ფლობა (მოცეკვავე-მსახიობობა), ღირებული შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად არასაკმარისია. ეს დამაბრკოლებელი გარემოებაა ცოდნის გადაცემისა და ახალი იდეების გენერირებისთვის.

აღნიშნულ სფერში მომუშავე სპეციალისტები, ხშირად ვაწყდებით ცეკვის მასწავლებლების მხრიდან პედაგოგიური მიდგომების დეფიციტის პრობლემასა და სწავლების მეთოდების თანამედროვეობასთან შეუსაბამობას. სამწუხაროდ, ვხვდებით მოცეკვავე-მსახიობებზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, დასჯის მეთოდების გამოყენებას, ქორეოგრაფიული გაკვეთილის წარმართვისა თუ სპეციალური მეთოდიკისა და ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობას ფიზიკური დატვირთვის დროს. უდაოა, რომ ქორეო-პედაგოგიკური მეთოდების გაუცნობიერებელ გამოყენებას, სერიოზული ფსიქო-ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია განსაკუთრებით მოზარდებზე, მათი სულიერი და ფიზიკური ფორმირების პროცესში.

პრობლემად მიგვაჩნია ის საკითხიც, რომ  მუსიკოს-აკომპანიატორის პროფესია რეალურად დაკარგვის ზღვარზეა (ჩაანაცვლა მუსიკალურმა ფონოგრამამ). თითქმის არ იქმნება ახალი საცეკვაო მელოდები, ნაკლებად ხდება კოსტიუმების მხატვართან მუშაობა სტილიზირებაზე, არ ხდება საცეკვაო ნიმუშების შეფასება-კრიტიკა, მცირე ყურადღებაა მაღალი ინსტანციების მხრიდან და სხვა. 

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გარე შეფასების არც ერთი სეგმენტი არ არის ორიენტირებული ქორეოგრაფების საქმიანობის შესწავლაზე, მათ საჭიროებებზე, უნარებისა თუ კომპეტენციების ამაღლებაზე (თუ არ ჩავთვლით თეატრალურ უნივერსიტეტს, სადაც ქორეოგრაფიული მიმართულებით სამივე უმაღლეს საფეხურზე მიმდინარეობს სწავლა  და ერთეულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რაც მინიმუმია ბაზრისთვის). ცოდნის მიღებისა თუ გაზიარების სურვილი ჩვენს სფეროში ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მაღალია.

ქორეოგრაფიული პლატფორმის შექმნის იდეა სწორედ აღნიშნულ პრობლემებზე დაფიქრებისა და მათი  გადაჭრის გზების ძიების სურვილიდან გაჩნდა. ვფიქრობთ, ამ გამოწვევების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, თითოეული ჩვენგანის მიერ, ქორეოგრაფის პროფესიისადმი პატივისცემა არის, მუდმივი ზრუნვა თვითგანათლებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებელია პრობლემებზე სისტემური ორიენტირება, ნაცვლად ერთი იზოლირებული ნაწილის გამოსწორებისა.  

ამდენად, ჩვენს პლატფორმაზე გვინდა თავი მოვუყაროთ შემოქმედებით და სამეცნიერო მიღწევებს ერთ სივრცეში, დავაკავშიროთ ხელოვანები ერთმანეთს, დავეხმაროთ ეროვნულ ქორეოგრაფიასთან დაკავშირებულ ადამიანთა შემოქმედებით განვითარებას, ასაკის მიუხედავად მივცეთ ქორეოგრაფებს არაფორმალური შემოქმედებითი განათლების საშუალება, მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა მსურველისთვის დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა და დასაქმება.

 

ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დასახული მიზნები  და მათი გადაჭრის პრაქტიკული გზების ძიება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პრობლემების გრძელვადიან პროცესში აღმოსაფხვრელად და ქორეო-სექტორის არამხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაძლიერებლადაც.

ეკატერინე გელიაშვილი

bottom of page